სასამართლომ ყუბანეიშვილზე მუქარის გამო მოქალაქეს 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნიკოლოზ ჩიხრაძეს საზოგადოებრივი  მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის მიმართ ”ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო”.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ, პრესრელიზის თანახმად, ჩიხრაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

30 აპრილს შსს-მ განაცხადა, რომ დააკავა ჩიხრაძე, რომელმაც 26 აპრილს გააგზავნა მუქარის ელექტრონული წერილი, სადაც ”ყუბანეიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით დაემუქრა”. შსს-მ ასევე გაავრცელა დაკავებულის აღიარებითი ვიდეო-ჩვენება სადაც პირი, რომელიც შსს-ის თქმით, ნიკოლოზ ჩიხრაძეა, აღიარებს ყუბანეიშვილის ”სიცოცხლისადმი” მუქარას და აცხადებს: ”დავემუქრე იმიტომ, რომ გამაჩნია ამ პიროვნების მიმართ ანტიპათია, რაც გამოწვულია იმით, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს არაობიექტურად შუქდება მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”.

გასული წლის 31 ივლისს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააჟღერა ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტის სიცოცხლის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს გამოეძიათ ეს ფაქტი. გაზეთ ”ბათუმელების” რედაქციაში განუცხადეს Civil.ge-ს 30 აპრილს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ დაკითხა ჟურნალისტები, თუმცა შემდგომი გაგრძელება ამ საქმეს არ მოჰყოლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version