ქალთა კოლონია ამბოხების შემდეგ დაცარიელებულია

სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გადაწყვიტეს თბილისში მდებარე ქალთა კოლონიის დაცარიელება და 19 აპრილს გამთენიისას თორმეტსაათიანი ამბოხების შემდეგ პატიმარი ქალების რუსთავის კოლონიაში გადაყვანა.

კოლონიაში საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდა ამბოხების შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის გამო, განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ 19 აპრილს.

მისი თქმით, არავინ დაშავებულა არც ამბოხების, არც პატიმრების გადაყვანის პროცესში.

ამბოხება კოლონიაში, სადაც 700-მდე პატიმარი ქალი იმყოფებოდა, შაბათს საღამოს დაიწყო შეწყალების მოთხოვნით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა სააღდგომოდ 400-მდე პატიმარი შეიწყალა; ამნისტია რამოდენიმე ათეულ ქალ პატიმარსაც შეეხო.

სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პატიმართა მოთხოვნა ”არარეალისტური” იყო, რადგანაც, მისი თქმით, შეუძლებელია ყველა მათგანის შეწყალება, რადგანაც მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც არიან.

მოგვიანებით, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ 700 პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნა ”არარეალურია” და შეუძლებელია მისი განხორციელება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იმ პატიმართა საქმეები, რომლებიც წვრილმანი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს ან რომელთა განაჩენებიც სადავოა, შესაძლოა განხილულ იქნას სამომავლო შეწყალების დროს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, რომლებიც პატიმართა გადაყვანის პროცესს აკონტროლებდნენ, მათ წინააღმდეგ გადაჭარებული ძალის გამოყენების შემთხვევები არ დაუფიქსირებიათ.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version