მედვედევმა მოსკოვში ქართველთა ყრილობას მიმართვა გაუგზავნა

რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები სერიოზულ გამოცდას გადის, თუმცა რუსეთი კვლავაც რჩება ქართველ ხალხთან მეგობრობის ერთგული, საუბარია მიმართვაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქართველთა ყრილობას გაუგზავნა.

ყრილობა 3 თებერვალს მოსკოვში, რუსეთში მცხოვრები ქართველთა კავშირის კრემლთან დაახლოებული ხელმძღვანელის მიხეილ ხუბუტიას თაოსნობით გაიმართა.

”რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ჩვენთვის ახლობელ ქართველ ხალხთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული,” ნათქვამია მედვედევის მიმართვაში, ”ჩვენ გულწრფელად გვსურს ვიხილოთ საქართველო სტაბილურ, დამოუკიდებელ, ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. სახელმწიფოდ, რომელიც ცხოვრობს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და აქვს მეგობრული ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან”.

მედვედევმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ყრილობა პოზიტიურ როლს შეასრულებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

”ჩვენი საერთო ისტორიის განუყოფელი ნაწილია მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები. ურთიერთგაგებისა და ნდობის გამყარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირდაპირი ადამიანური კონტაქტები. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ჩვენი ერების სულიერი ერთობის გაძლიერების მნიშვნელობას, ახლო კავშირებს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის,”- ნათქვამია მიმართვაში.

მედვედევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ დაელაპარაკება პრეზიდენტ სააკაშვილის ”დანაშაულებრივ რეჟიმს”, თუმცა ეს უთანხმოება არ აისახება ქართველ ხალხთან ურთიერთობაზე.

რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 23 დეკემბერს წერდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი  რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარებას შუამავლების საშუალებით ცდილობს. ამავე გაზეთის ცნობით, შუამავლის როლში გამოდის მიხეილ ხუბუტია, რომელმაც განუცხადა ”კომერტსანტს”, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილს ნოემბერში შეხვდა მიუნჰენში. 

აგვისტოს ომის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის ოფიციალური კონტაქტები ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესით შემოიფარგლება. პირდაპირი კონტაქტები ორ ქვეყანას შორის ასევე ხორციელდება მართლმადიდებლური ეკლესიის შუამავლობით. ომის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია სამჯერ სტუმრობდა მოსკოვს, მათ შორის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხელმძღვანელობითაც, როდესაც ის 9 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ეკლესიის მცდელობებს და აღნიშნა, რომ პატრიარქმა მისი გზავნილი გადასცა რუსეთის პრეზიდენტს.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version