თბილისი ძალის არ გამოყენებაზე სეპარატისტებთან შეთანხმებას არ აპირებს – ვაშაძე

საქართველო არ აპირებს ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებას სეპარატისტებთან, რადგან არ სურს ამ ნაბიჯით ”მარიონეტული რეჟიმების” ლეგიტიმაცია მოახდინოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 3 თებერვალს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ძალის არ გამოყენების ვალდებულება საქართველომ ”უკვე აიღო 12 აგვისტოს [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ] ხელშეკრულების შესაბამისად და პირწმინდად ასრულებს თავის მოვალეობებს”.

ეს განცხადება ვაშაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია თბილისმა ხელი მოაწეროს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არ გამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ ეს თემა მოსკოვში ევროკავშირის ”ტროიკას” ელჩებთან 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე წამოწია. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ შეხვედრის მიზეზი იყო ელჩების დაინტერესება რუსეთის გეგმებით სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით.

რუსული მხარის განცხადებით, მათი ეს გეგმები ”სრულად შეესაბამება” მედვედევი-სარკოზის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებს. ასევე აღინიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულია, ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს ქართული ძალების მობილიზების გამო. 

თუმცა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველომ ”ცალმხრივად” შეზღუდა თავისი ძალების გადაადგილება სეპარატისტული რეგიონების სიახლოვეს და ეს ვალდებულება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან გაფორმებული მემორანდუმით აიღო. რუსეთის ფედერაციას ანალოგიური ვალდებულება არ აუღია.

”რუსეთის ფედერაციამ იმის მაგივრად, რომ აბსურდული მოთხოვნები წამოაყენოს, ჯობია მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, გაიყვანოს ბოლო ოკუპანტი, შეწყვიტოს სამხედრო ბაზების მშენებლობა [სეპარატისტულ რეგიონებში],”- განაცხადა ვაშაძემ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version