რუსეთს ქართული ბაზების ინსპექტირება სურს

საქართველოს განცხადებით, იგი არ მისცემს რუსეთს უფლებას შეამოწმოს ქართული სამხედრო ობიექტები, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ტერიტორიების ოკუპაციას.

19 იანვარსა და 21 იანვარს რუსეთის ფედერაციამ მიმართა საქართველოს ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომებზე მოლაპარაკებების შესახებ ვენის 1999 წლის დოკუმენტის შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილ ობიექტებზე შეფასებითი ვიზიტისა და სავერიფიკაციო ინსპექციის განხორციელების მოთხოვნით. ამავე დოკუმენტის თანახმად, ეუთოს წევრ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამგვარ მოთხოვნაზე ”ფორს-მაჟორის” მოტივით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ”ქართული მხარე აცხადებს ფორს-მაჟორს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიმართ”, რომელთანაც საქართველოს აგვისტოში ომი ჰქონდა, და რომელიც, განცხადების თანახმად, ”უხეშად არღვევს” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებს.

”ფორს-მაჟორი მოიხსნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, დეოკუპაციის შემდეგ,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ. 

”აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეეცდება კვლავ განახორციელოს აგრესიული ქმედებები და შემფასებელი ვიზიტისა თუ ინსპექციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

ეუთოს ვენის დოკუმენტის თანახმად, ქვეყანამ, რომელიც ფორს-მაჟორს აცხადებს, დაუყონებლივ უნდა ახსნას ამის მიზეზები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი ელჩები მოიწვია და მათ ამ გადაწყვეტილების თაობაზე აცნობა.   

”ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის პირობებში ნება მივცეთ საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც ინპექტირების ჩატარების. აბსოლუტურად გამართულია  ჩვენი სამართლებრივი პოზიცია,” – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე. 

”ვფიქრობ, საქართველოს ძლიერი არგუმენტი აქვს,” – განაცხადა ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა შეხვედრის შემდეგ, ”აქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როცა რუსული ძალები იმყოფებიან საქართველოს მიწაზე, მათ [საქართველოს ხელისუფლებას] აქვთ მიზეზი და მე ვფიქრობ, მათ სწორი არგუმენტი გამოიყენეს”.

აშშ-ის ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, დიპლომატებს განუცხადეს, რომ ამჟამად საქართველოში გერმანელი ინსპექტორები იმყოფებიან და შესაძლოა დამატებით კიდევ ჩამოვიდნენ სხვებიც. 

”გარკვევით გვითხრეს, რომ ფორს-მაჟორის გამოცხადება მხოლოდ რუსეთს შეეხო,” – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version