ევროკავშირი საქართველოს 500 მილიონი ევროს დახმარებას ”პოლიტიკური პირობით” გამოუყოფს

დემოკრატიული რეფორმები იმ ”პოლიტიკურ პირობებს” შორისაა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ევროკავშირი საქართველოს 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს, განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა 20 იანვარს თბილისში.

”სწორედ ახლა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც შეთანხმებაა იმაზე, თუ როგორ დაიხარჯება ეს [დახმარება], რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური პირობები, რომელთა ხილვაც ევროკავშირს სურს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას,” – განაცხადა მან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ვიცე-პრემიერმა მაცნობა და დამიდასტურა, რომ მიმდინარეობს რეფორმების ახალი ტალღა კანონმდებლობის კუთხით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ რომ ამგვარი საკანონმდებლო რეფორმა პრაქტიკულად იქნეს განხორციელებული და შეეხოს სასამართლო სისტემას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მედიის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას, და ასევე გვინდა ვიხილოთ უკეთესი დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის,” – დასძინა მან.

დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ევროკომისრის თქმით, ასევე არის კიდევ ერთი პირობა – დახმარების თანხები არ უნდა დაიხარჯოს სამხედრო მიზნებისთვის.

”ჩვენ არ გვინდა, რომ თუნდაც ერთი ევრო დაიხარჯოს სამხედრო სფეროზე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,” – განაცხადა მან.

”მინდა ასევე გითხრათ თუ რა მნიშვნელოვანია ის, რომ რთულ მომენტებშიც კი, საქართველომ არ თქვა უარი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე და ეს არის ის, რაც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან],” – განაცხადა ბენიტა ფერერო ვალდნერმა.

პრესკონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის მთავარ პრინციპებზე, რომელიც მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ დეკემბრის დასაწყისში გაახმოვანეს.

აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც ვრცელდება სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, მოლდოვასა და უკრაინაზე, მიზნად ისახავს ამ ქვეყნებში ევროკავშირის პოლიტიკური ჩართულობის განახლებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა ასოცირებული შეთანხმებების პერსპექტივები, ეკონომიკური ინტეგრაცია და გამარტივებული სავიზო პირობები ევროკავშირთან. ევროკავშირსა და ამ ექვს სახელმწიფოს შორის სამიტი 7 მაისს არის დაგეგმილი.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ამ ინიციატივას ”ძალიან ნიშვნელოვანი” უწოდა და განაცხადა, რომ ეს იქნება ”ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და ინტეგრაციას ევროკავშირთან”.     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version