ეკლესიის პოზიციის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის შოუ შეიძლება დაიხუროს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურველო საბჭომ რეკომენდაცია გასცა ტელეკომპანიის პოპულარული შოუს ”საქართველოს დიდი ათეული” შეჩერების თაობაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს ორთოდოქსულმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ”გადაცემის ფორმატი მიუღებელია”.

გადაცემა და ხმის მიცემის პროცესი ნოემბერში დაიწყო და თავდაპირველად არსებული 500 კანდიდატიდან, ჯერ 100, შემდეგ კი 50 შეირჩა. 50 კანდიდატიდან 13 წმინდანია იმ დანარჩენი 19-დან, რომლებიც თავდაპირველ 100-კაციან სიაში მოხვდნენ. სიაში ცოცხალი ადამიანები არ შესულან.

დღემდე ხმის მიცემაში დაახლოებით 300,000 ადამიანმა მისცა ხმა ტელეფონის, ინტერნეტის ან ტექსტური მესიჯების საშუალებით, განაცხადეს ორგანიზატორებმა.

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღნიშნა 10 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში, პროექტის დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში, რომ გადაცემის ფორმატი, რომელშიც წმინდანები ჩვეულებრივ საერო პირებთან ერთად მონაწილეობენ შეჯიბრში სავსებით მიუღებელია.

”ჩვენ არ გვაწუხებს ეს საკითხი საერო პირებთან მიმართებაში, მაგრამ ამგვარი მიდგომა წმინდანებთან მიმართებაში გაუმართლებელია,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დასძენს, რომ ეკლესია მოლაპარაკებებს აწარმოებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან და ხელმძღვანელობასთან საკითხზე ”სასურველი შედეგების” მისაღწევად.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებამ, რომელსაც კვლავ მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აიძულა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა გადაედო გადაცემის გაშვება არსებულ ფორმატში; ამის სანაცვლოდ, 16 იანვარს ამ საკითხზე დებატები გაიმართა. პირდაპირ ეთერში მიმდინარე დებატებში მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის წარმომადგენლებმა, მათი პოზიციის მხარდამჭერებმა და ასევე მოწინააღმდეგებმა.

გადაცემის დროს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ საბჭოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი თქმით, საბჭო რეკომენდაციას იძლევა შეჩერდეს გადაცემა და საკითხზე შემდგომი განხილვები გაიმართოს. მისი თქმით, ცხრა-წევრიანმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო ”კომპრომისული გადაწყვეტილება”.

გახელაძემ ასევე განაცხადა, რომ პირადად იგი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ”ასეთი კომპრომისული გადაწყვეტილება” მისთვის შემაშფოთებელია.

სამეურვეო საბჭოს წევრმა ირმა სოხაძემ განაცხადა დებატების დროს, რომ საბჭო ”ძალიან რთულ სიტუაციაში” და ”ჩიხში” იმყოფებოდა. მისი თქმით, ერთი მხრივ, საბჭოს წევრები მხარს უჭერდნენ პროგრამას, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ეკლესიის დაჟინებული თხოვნის წინაშე იდგნენ. იგი აპირებდა სიტყვის ”ზეწოლა” გამოყენებას – ეკლესიის დაჟინებულ თხოვნაზე საუბრისას, თუმცა შემდეგ განაცხადა: ”არ მინდა გამოვიყენო ეს სიტყვა – ზეწოლა”. 

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებამ ეკლესიის პოზიციის მოწინააღმდეგეთა მწვავე რეაქცია გამოიწვია. ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ განაცხადა, რომ გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეკლესია კანონზე მაღლა დგას. ”ამგვარი გადაწყვეტილება მთელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მარცხი იქნება,” – განაცხადა მან. 

საბჭოს წევრმა მარინა ვეკუამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი გადაცემის გაგრძელების მომხრე იყო, იგი ვერ უგულებელყოფს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის რეკომენდაციას, რომელთანაც სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვედრა ჰქონდათ გადაცემასთან დაკავშირებით.

საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მიხეილ ჭიაურელმა კი განაცხადა: ”ჩემთვის პატრიარქის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონი”.

დაახლოებით ორსაათნახევრიანი დებატების ბოლოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა მიმართა აუდიტორიას, რომ მიუხედავად სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციისა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ მიიღოს რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

ყუბანეიშვილის თქმით, დრო არის საჭირო პროექტზე რაიმე გადაწუვეტილების მისაღებად და ამ მიზნით ყველა მონაწილე მხარესთან, მათ შორის პროექტის თანამშრომლებთან გაიმართება კონსულტაციები. თუმცა, ამ ეტაპზე მან ვერ დააკონკრეტა, თუ როდის იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version