პუტინი საქართველოს გაზმომარაგებით დაინტერესდა

”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს 5 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, რომ კომპანიამ ”ახლახანს მიიღო ინფორმაცია, რომ ქართული მხარე მზადაა განაახლოს სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდება”.

მოსკოვმა თბილისი აგვისტოს ომის შემდეგ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას თბილისის ამ ნაბიჯს ”არაჰუმანური” უწოდა.

ქართული მხარის განცხადებით, გაზის მიწოდება იმის გამო შეწყდა, რომ აგარა-ცხინვალის გაზსადენი აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაზსადენი დაზიანებული იყო სოფელ დირბის მონაკვეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რომელიც სამინისტროს თქმით, ”მაღალი რისკის ზონაა”.

”მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ დაიწყო ამ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების განხორციელება, თუმცა ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით მაინც აუცილებელია გაზსადენის სრული შემოწმება მის მთელ სიგრძეზე,”- განაცხადა საგარეო უწყებამ და იქვე აღნიშნა, რომ ”სრულიად ამორალურია” საქართველოს მიმართ რუსული მხრიდან წამოსული ბრალდება ჰუმანიტარული სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ”როდესაც რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მოხდა საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ტერიტორიების დაცლა როგორც ადგილობრივი ქართული, ისე ოსური მოსახლეობისგან”.

”გაზპრომის” ხელმძღვანელთან შეხვედრისას, რომლის დროსაც ძირითადი ყურადღება გაზთან დაკავშირებით უკრაინასთან არსებულ უთანხმოებას დაეთმო, პრემიერმა პუტინმა ასევე თხოვა ალექსეი მილერს მოეხსენებინა საქართველოს გაზმომარაგების თაობაზე.

”როგორ მიდის მუშაობა ქართველ პარტნიორებთან?” – ჰკითხა მან მილერს, რომელმაც უპასუხა: ”ამჟამად მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”.

”ანუ, თქვენ აწვდით გაზს საქართველოს?… მთლიანობაში ის მოცულობა, რომელიც დაკონტრაქტებულია საქართველოსთან, შედის ამ რესპუბლიკაში? ”- განაგრძო პუტინმა, რაზეც მილერის დადებითი პასუხი მიიღო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version