კარასინი: თბილისმა ტერიტორიულ მთლიანობას წერტილი დაუსვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი მომხრეა მოაწესრიგოს ურთიერთობები თბილისთან, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

მისი თქმით, საქართველომ, რომელმაც გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი რუსეთთან, ”პირველი ნაბიჯები” უნდა გადადგას ურთიერთობების აღდგენის მიზნით.

”რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით ამა წლის აგვისტოში, წერტილი დაუსვა ამ საკითხს,”- განუცხადა კარასინმა ”ინტერფაქსს”.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მზადყოფნა გამოხატა მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა. პატრიარქმა 11 დეკემბერს, თბილისში დაბრუნებისას განაცხადა, რომ მედვედევი მზადაა დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ეს ”ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს”. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული გზავნილი ჩაიტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version