ომის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ სააკაშვილს მოუსმინა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 28 ნოემბერს ჩვენება მისცა. 

მან თავისი ხუთსაათიანი საუბრის დასაწყისშივე განუცხადა კომისიას, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ”გარდაუვალი” იყო, რადგან რუსული ძალები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ ცხინვალის რეგიონში და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები იბომბებოდა. 

”კითხვაზე  განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”არსად, არც მე და არც მთავრობის სხვა წევრებს არსად საპირისპირო არ გვითქვამს იმიტომ, რომ საკითხი დგას, რომ თითქოს ჩვენ ამას ვუარყოფდით”.

მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მეორე მხრივ, ამან პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა, რადგან აჩვენა, რომ რუსები არიან არა მშვიდობისმყოფლები, არამედ აგრესორები.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არც გამარჯვებულია და არც დამარცხებული ამ ომში, რადგან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

მან კატეგორიულად უარყო რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებები და განაცხადა, რომ ”მძიმე შეცდომა” იყო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

კომისიაზე პრეზიდენტის გამოსვლა ასევე მოისმინეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც სპეციალურად იქნენ მიწვეული პარლამენტში.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:

Exit mobile version