აფეთქების შედეგად ორი გამნაღმველი დაიღუპა – შსს

ორი გამნაღმველი  – გიორგი სხვიტარიძე და მარატ ნოზაძე – დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაიჭრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 ნოემბერს.

”დღეს, დაახლოებით 15 საათზე, საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა, რომელიც ჩამოვარდა შიდა ქართლის რაიონის სოფელ ფლავთან,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, ”შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფი, რა დროსაც მოხდა აღნიშნული უპილოტო თვითმფრინავის აფეთქება”.

შსს-ს ცნობით ინციდენტის შედეგად  ასევე დაიჭრა 10 წლის ბიჭი, რომელიც სხვა დაჭრილებთან ერთად, რომელთა უმეტესობა განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები არიან, გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version