აგვისტოს ომის გამოძიებას შვეიცარიელი დიპლომატი უხელმძღვანელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოცდილი შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი შეარჩიეს იმ საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელად, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომს გამოიძიებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ჰეიდი ტალიავინი კავკასიის რეგიონის ღრმა ცოდნისა და დიდი გამოცდილების გამო შეირჩა. მისი მანდატის დეტალები ჯერ დასაზუსტებელია. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა მოსკოვს და თბილისს ითანამშრომლონ ტალიავინისთან.

”ორივე მხარეს ვურჩევდით ითანამშრომლონ ერთმანეთთან,” – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ ტალიავინს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეაფასოს სიტუაცია, რათა განსაზღვროს რისი გაკეთებაა საჭირო.

ჰეიდი ტალიავინი 2002-2006 წლებში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version