სასაზღვრო პოლიცია ”უფრო მოქნილი” გახდება

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი სასაზღვრო პოლიციას და საზღვრის დაცვას ”უფრო მოქნილს” გახდის. 

”კანონის ცვლილების არსი არის ის, რომ მომავალში, თუ ამ კანონს მიიღებენ, მინისტრს შეუძლია საკუთარი ბრძანებით საზღვრის დაცვა დაავალოს შსს-ს სხვა უწყებას; მაგალითად, დაავალოს რაღაც მონაკვეთის დაცვა საპატრულო პოლიციას ან სხვა შეიარაღებულ უწყებას, რომელიც შედის შსს-ს განკარგულებაში; ანუ ეს ექსკლუზიური უფლებაა. სასაზღვრო პოლიციას თავისთავად ყველა უფლება რჩება, თუმცა ის ექსკლუზიურობა, რომელიც მას ჰქონდა საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით, შეიცვლება,” – განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” 4 ნოემბერს.  

მან ასევე განაცხადა, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სასაზღვრო ძალების ინტეგრაციას ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურებში.

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური რჩება მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბერს ბადრი ბიწაძე ამ თანამდებობიდან გადადგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version