საბიუჯეტო ხარჯები 255 მლნ ლარით იზრდება

2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, ხარჯვითი ნაწილი, ძირითადად უცხოური დახმარების საფუძველზე,  255. 4 მლნ ლარით გაიზრდება და 7. 2 მლრდ ლარს მიაღწევს; შემოსავლები კი 65.2 მლნ ლარით მოიმატებს და მთლიანობაში 5. 4 მლრდ ლარს შეადგენს. 

ყველაზე მსხვილ დაფინანსებას  – 150 მლნ ლარის ოდენობით –  ახლაც თავდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომელსაც აგვისტოს საომარ მოქმედებამდე მთლიანი ბიუჯეტი 1.395 მლრდ ლარი გაუხდა ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად. ახლა თავდაცვის დაფინანსება მთლიანობაში 1.545 მლრდ ლარს მიაღწევს და ის, როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ”დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას” მოხმარდება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროს, გარდა უცხოური დახმარებისა, ასევე შეადგენს ცენტრალური ხაზინის ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები. ეს იმ ფონზე, როცა საგადასახადო შემოსავლების 270 მლნ ლარით შემცირებაა დაგეგმილი.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტები  მთლიანობაში 354.5 მლნ ლარით იზრდება. აქედან 340 მლნ ლარი აგვისტოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობებისგან მისაღები გრანტებია, ხოლო 14.5 მლნ ლარი –  უკრაინის მთავრობისგან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი.

ცვლილებების თანახმად, ეს და  საბიუჯეტო უწყებების დაფინანსების შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული სხვა თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება.

• 107. 5 მლნ ლარი – რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის. ეს თანხა განაწილდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;

• 150 მლნ ლარი  – თავდაცვის სამინისტროს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის;

• 100 მლნ ლარი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებისათვის. შედეგად, შსს-ს დაფინანსება წელს 740 მლნ ლარი გახდება;

• 21.5 მლნ ლარი – რთველის ღონისძიებების დაფინანსება. აქედან 9 მლნ ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ხოლო 12.5 მლნ ლარი პროგრამა ”იაფი კრედიტის” ფარგლებში გამოიყოფა;

• 14 მლნ ლარი –  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონფლიქტის ზონებიდან დევნილი მასწავლებლების ხელფასების დაფინანსებისთვის, განათლების იმ დაწესებულებების რემონტისა და კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის, სადაც დროებით განთავსებული არიან დევნილები, დევნილი სტუდენტების გრანტის დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის;

• 16 მლნ ლარი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც უმეტესი თანხები დაიხარჯება საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული მოქალაქეების მკურნალობაზე;

• 35 მლნ ლარი – დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების დაფინანსებისათვის.      

იმავდროულად, დაფინანსება უმცირდებათ: ენერგეტიკის სამინისტროს –  12.2 მლნ ლარით; ფინანსთა სამინისტროს – 4 მლნ ლარით; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს – 3 მლნ  ლარით; პარლამენტს – 2 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1.3 მლნ ლარით; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 1.1 მლნ ლარით; ასევე ”წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის ღონისძიებები”  – 10 მლნ ლარით, როგორც ეს საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათშია ნათქვამი.

იმავდროულად, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სტაბილური განვითარების ფონდში გადასარიცხი თანხების მოცულობა მცირდება 191.9 მლნ ლარით.

წელს რიგით მესამე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ამ კვირაში დაიწყება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version