ბურჯანაძის თქმით, იგი ”შოკირებული” იყო აფხაზეთის დაყოფის გეგმის გამო

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის აღშფოთდა, როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ შესთავაზა რუსეთს აფხაზეთის დაყოფის გეგმა აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე.

რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერდა 27 ივნისს, რომ 23 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლ ვაშაძის მოსკოვში ვიზიტის დროს, თბილისმა მოსკოვს შესთავაზა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა აფხაზეთის გაყოფას, რომლის დროსაც გალი და ოჩამჩირე თბილისის კონტროლს დაექვემდებარებოდა – რაც ქართველ დევნილებს დაბრუნების საშუალებას მისცემდა – ხოლო ოჩამჩირის ჩრდილოეთით არსებული ტერიტორიები, მათ შორის სოხუმი, რუსეთის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ იქნებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ ივნისში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო; თუმცა, 24 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მან წერილი გაუგზავნა თავის რუს კოლეგას, სადაც ამგვარი ტიპის გარიგებას სთავაზობდა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს წინადადება რუსეთმა უარყო.

”შოკში ჩავვარდი, როდესაც მოვუსმინე პრეზიდენტს, რომელიც ამბობდა, რომ მან შესთავაზა რუსეთს, რაც ფაქტიურად იყო, აფხაზეთის გახლეჩა,” – განაცხადა მან რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში. ”მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და ამგვარი საუბარი რომ ყოფილიყო ამ საკითხზე, მე უნდა მცოდნოდა ამის შესახებ. მე ”კომერსანტისგან” შევიტყვე ამის შესახებ და როდესაც ვკითხე ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა თუ არა ამ ინფორმაციას რაიმე საფუძველი, მათ კატეგორიულად უარყვეს ეს”.

”აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აფხაზეთის ფაქტობრივი გაყოფის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის ზურგს უკან, რომელიც მეორე პირია ქვეყანაში [პრეზიდენტის შემდეგ]. ბუნებრივია, მე მოვითხოვ პასუხს ამ კითხვაზე და მე ვიკითხავ, როგორ მოხდა, რომ მეორე პირმა ქვეყანაში არ იცოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ  და აქვს თუ არა ვინმეს უფლება – პრეზიდენტიც რომ იყოს – მოლაპარაკებები აწამოოს და წერილები აგზავნოს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გაყოფის გარკვეული მოდელის შესახებ”.

”კომერსანტმა” 27 ივნისს მაშინ გამოაქვეყნა სტატია აფხაზეთის დაყოფის თაობაზე, როდესაც ნინო ბურჯანაძე აღარ იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ახალი პარლამენტი 7 ივნისს შეიკრიბა და მისი თავმჯდომარე იმავე დღეს დავით ბაქრაძე გახდა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version