მედვედევი სააკაშვილის შეურაცხყოფაზე გადადის

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც ამას წინათ პრეზიდენტ სააკაშვილს ”პოლიტიკური გვამი” უწოდა უფრო შორს წავიდა და იგი შეაფასა, როგორც ”რიგი პათოლოგიებით დამძიმებული” ადამიანი, რომელიც ”ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს”.

12 სექტემბერს მოსკოვში საერთაშორისო ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან საუბრისას, მედვედევმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:

”რაც შეეხება საქართველოს ნატოში წევრობას, მე უკვე გითხარით ამის შესახებ, ეს იქნება სერიოზული მადესტაბილიზებელი ფაქტორი თავად ნატოსთვის და კავკასიისთვის. მთლად უბედურება არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლების სათავეში გაწონასწორებული, გონიერი პოლიტიკოსები რომ იყვნენ, თუნდაც რომ ისინი ოკეანის გადაღმა ორიენტაციაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როცა სახელმწიფოს სათავეში დგას ადამიანი, რომელთანაც ჩვენ არამარტო არანაირ საქმეს არ დავიჭერთ, ეს ადამიანი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი; ადამიანი, რომელიც დამძიმებულია მთელი რიგი პათოლოგიებით, სამწუხაროდ, იმყოფება ფსიქიკურად  გაუწონასწორებელ მდგომარეობაში, მაპატიეთ მაგრამ, მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც ძალიან კარგად არის ცნობილი დასავლელი ჟურნალისტებისთვის, რომელთაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ აიღეს მისგან ინტერვიუები. სახელმწიფოს მეთაურისთვის ორსაათიანი ინტერვიუ ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ – ეს უკვე მეტის მეტია, აშკარად გადამეტებაა. თუ ჩვენ კოლეგებს ნატოდან უნდათ ასეთი ლიდერი მიიღონ, კი ბატონო, მიბრძანდით.”

პრეზიდენტ მედვედევის საუბრის ჩანაწერი კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version