საქართველო ისევ გაძლიერდება – სააკაშვილი

საქართველო დღევანდელი რთული ვითარებიდან ”ათმაგად, ასმაგად” გაძლიერებული გამოვა, აღიდგენს რა თავდაცვისუნარიანობას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განაცხადა 21 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

”გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავაყენოთ ფეხზე, გარდა იმის, რომ ადამიანებს, რუსული აგრესიის უდანაშაულო მსხვერპლთ უნდა დავეხმაროთ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო წამოდგეს ფეხზე, საქართველო აშენდეს ბევრად უფრო ძლიერ და ლამაზ ქვეყანად, ვიდრე აქამდე იყო, განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, ავაშენოთ უამრავი ახალი სოციალური ობიექტი, ინფრასტრუქტურა და ასევე ბევრად უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რუსული აგრესიის ფონზე ქართული საზოგადოების ”არნახულ კონსოლიდაციაზე”, რაც მისი თქმით, ”არის მთავარი საწინდარი იმისა, რომ საქართველო ხელახლა აშენდება და იქნება ძალიან წარმატებული ქვეყანა”.

მან ეს განცხადებები აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ბრიგადის გენერალთან ჯონ მილერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”ჩვენ ამერიკის და პენტაგონის სარდლობასთან ერთად, ნატოსთან ერთად გავდივართ საკითხებს სად უნდა მოხდეს და რა მიმართულებით გაძლიერება,”- განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ  განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით საქართველოს დახმარებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version