თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ”ყოვლისმომცველ” გეგმას სექტემბერში წარადგენს

საქართველო სექტემბრის შუა რიცხვებში წარადგენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების ყოვლისმომცველ პაკეტს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მარტში მომზადებული სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 4 აგვისტოს.  

მისი თქმით, წინადადებათა პაკეტი ძირითადად შეიცავს სამართლებრივ აქტებს, მათ შორის იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა ”შეუზღუდავ ავტონომიას” სთავაზობს აფხაზეთს, ასევე ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, აფხაზეთის წარმომადგენლობას ცენტრალურ ხელისუფლებაში და აფხაზი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს აფხაზეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლებით.

ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც მოამზადებენ ამ ღონისძიებათა პაკეტს და კანონმდებლობაში ცვლილებებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში – სამშვიდობო გეგმის წარდგენიდან ერთ თვეში – მთავრობას ამგვარი სამუშაო ჯგუფების შექმნა დაავალა. 

”ჩვენ რუსეთის ფედერაციას, პირველ რიგში, სეპარატისტებს და მსოფლიო საზოგადოებას უნდა წარვუდგონოთ ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთელ ტერიტორიებზე, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მუშაობის, განვითარების, ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის ღირსეული პირობების შექმნას,” – განაცხადა ლომაიამ.

ეს განცხადება ლომაიამ დღეს გამართულ სპეციალურ სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ასევე კონფლიქტის ზონებში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები.

სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი,  იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ზღულაძე და შოთა უტიაშვილი,  ასევე პარლამენტის წევრი პაატა დავითაია ესწრებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version