რუსეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აფხაზეთზე იმსჯელეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 15 ივლისს აფხაზეთის კონფლიქტზე სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

საუბრის დროს, რომელიც გერმანული მხარის ინიციატივით შედგა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაციის განმუხტვის მიზნით საჭიროა ძალის არგამოყენების თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერა და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა.

გერმანიამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამ-ფაზიანი გეგმა მოამზადა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირადად მონაწილეობდა ამ გეგმის განხილვაში, როდესაც დიპლომატები გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფიდან 30 ივნისს ბერლინში შეიკრიბნენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კავკასიის საკითხებში ჰანს-დიტერ ლუკასი 15 ივლისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა, ერთი დღით ადრე კი სოხუმს სტუმრობდა, სადაც გეგმა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს წარუდგინა.

მოგვიანებით ბაღაფშმა განაცხადა: ”ჩვენ ვერ განვიხილავთ მას იმ ფორმით, როგორც ის არის წარმოდგენილი”.

მეგობართა ჯგუფის წევრები არიან საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ. რუსეთს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია და თავისი პოზიცია სამ-ფაზიან მოგვარებაზე საჯაროდ არ დაუფიქსირებია.

 

 

Exit mobile version