”მეგობართა ჯგუფი” აფხაზეთის საკითხზე ბერლინში შეიკრიბება

გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი 30 ივნისს ბერლინში შეიკრიბება და აფხაზეთის საკითხს განიხილავს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს. 

ჯგუფის წევრი დიპლომატები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და აშშ-დან განიხილავენ დაძაბულობის შემცირების და თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების განახლების ხელშეწყობის წინადადებებს.

მიხეილ სააკაშვილის ბერლინში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გერმანულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის ფარგლებში ”სამეტაპიანი გეგმა” მოამზადა. 

ამ გეგმის მიხედვით: პირველ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულება, აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს სამშვიდობო ფორმატით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამხედრო ფორმირებები და უნდა მოხდეს სამშვიდობო ფორმატის გადახედვა; მეორე ეტაპი კონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; ხოლო მესამე ეტაპი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოიცავს. 

თავიანთ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ ამ ”გეგმას” და განაცხადეს, რომ თბილისის დასავლელ პარტნიორებზეა ახლა დამოკიდებული დაარწმუნონ რუსეთი გაიზიაროს ის.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ არანაირი გეგმა არ შემუშავებულა და რომ ის მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, საუბარია ცალკეული სახელმწიფოების გარკვეულ შემოთავაზებაზე. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მეგობართა ჯგუფი შეეცდება ამ საკითხზე პოზიციის ფორმირებას ბერლინში მომდევნო კვირას დაგეგმილ შეხედრაზე.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ინფორმაციამ საწყის ეტაპზე მყოფი წინადადებების შესახებ განზრახ გაჟონა მედიაში, რათა ”შეემზადებინათ საზოგადოებრივი აზრი მეგობართა ჯგუფის გარკვეულ გადაწყვეტილებაზე და რათა ზეწოლა მოეხდინათ დაგეგმილი შეხვედრის მონაწილეებზე, კერძოდ კი რუსეთზე”.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ 23 აპრილს, გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოხატეს ”ღრმა შეშფოთება” რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან.  თბილისი მიესალმა ამ ერთობლივ განცხადებას და განაცხადა, რომ ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთი მარტო რჩება მეგობართა ჯგუფში.

ამასობაში, გერმანიის ელჩი საქართველოში პატრისია ფლორი 27 ივნისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზოგიერთი წინადადება, რომელიც მეგობართა ჯგუფის ფარგლებში იქნა განხილული, ”შესაძლოა საინტერესო იყოს”. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმის პირობა თბილისთან მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე უცვლელი რჩება და ქართულმა მხარემ თავდაპირველად უნდა გამოიყვანოს თავისი ძალები ზემო კოდორის ხეობიდან.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version