დანიელ ფრიდი საქართველოში ”სანდო” ოპოზიციის ნაკლებობას აღნიშნავს

საქართველოში სანდო და სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციის ნაკლებობაა და ამ ხარვეზში ბრალი ორივეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ კოალიციას მიუძღვის, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 18 ივნისს.

მან ეს განცხადება 18 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

”გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები ღიად გაყალბდა. თუმცა, ჩვენ ეს არგუმენტი არადამაჯერებლად მიგვაჩნია; საქართველოს პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ პოლარიზებულია,” – განაცხადა მან, ”შედეგად, ქართულ დემოკრატიას აკლია საჭირო ელემენტი – სანდო და სიცოცხლისუნარიანი ოპოზიცია – და ბრალი ამაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას თანაბრად მიუძღვით”.

”დემოკრატია არ იქნება კონსოლიდირებული სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციის , უფლებამოსილი, დამოუკიდებელი პარლამენტის და ძლიერი, სანდო სასამართლო სისტემის გარეშე, ასევე რეფორმების პროცესის, რომელიც პატივს სცემს განსხვავებულ აზრს,”- განაცხადა ფრიდმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შარშან შემოდგომაზე საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა ”სერიოზული უკმაყოფილება” გამოხატა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.

”ეს უკმაყოფილება გამოიწვია განუწყვეტელი სიღარიბისა და უმუშევრობის ერთობლიობამ, იმ შეგრძნებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩამოშორდა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებს, და ასევე სიბრაზემ იმ პოლიტიკურ სისტემასთან მიმართებაში, რომელიც თითქოსდა მოწოდებულია არ დაუშვას ძლიერი ოპოზიციის განვითარება,” – განაცხადა ფრიდმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კრიზისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით უპასუხა, რომლის ჩატარებამაც ”მთლიანად ვერ აღადგინა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია”.

”საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები დიდხანს იმსჯელებენ იმაზე, დარღვევებით ჩატარდა თუ არა არჩევნები,” – განაცხადა მან, ”ჩვენი შეფასება, ჩვენი საელჩოს დეტალური ანალიზის შედეგად, არის – და ამის საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია – რომ მიხეილ სააკაშვილი ლეგიტიმურად იქნა არჩეული”. 

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ეუთოს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო დასკვნა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ”ჩვენი შეფასება ამ მომენტში არის ის, რომ ეს არჩევნები იყო აშკარა გაუმჯობესება იანვრის არჩევნებთან შედარებით”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version