თემურ იაკობაშვილმა რუსეთის საგარეო უწყებაში შეხვედრები გამართა

მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში გართულებული ვითარება განიხილა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ასევე გაიმართა შეხვედრები საგანგებო დავალებათა ელჩთან ვალერი კენიაიკინთან და იური პოპოვთან, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარესთან.


”[კონფლიქტის ზონებში არსებული სიტუაცია] შეფასდა, როგორც საგანგაშო და საშიში განვითარების საფრთხის მატარებელი,”- იუწყება შეხვედრების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”განიხილებოდა ამ რაიონებში დაძაბულობის დონის შემცირების საკითხები, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთქმედების მოწესრიგების შესაძლებლობები ამ მიმართულებით კონკრეტული ამოცანების მისაღწევად”.


ამავე ცნობით, მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმებას.

Exit mobile version