რუსეთი თბილისს ”დამანგრეველ ტერორისტულ საქმიანობაში” ადანაშაულებს

რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დააკავეს ადამიანი, რომელიც საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობდა, იუწყებიან რუსული სააგენტოები 16 მაისს.


რუსული საინფორმაციო სააგენტოები  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უცნობ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ 34 წლის საქართველოში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, რამზან თურქოშვილი ქართულ დაზვერვაზე მუშაობდა პანკისის ხეობაში ტერორისტული ჯგუფის მეთაურის, ზემილხან ხანგოშვილის პირდაპირი მონაწილეობით.


”კერძოდ, მას [თურქოშვილს] ევალებოდა ქართულ სპეცსამსახურებთან და რუსეთში მყოფ  უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს შორის კონტაქტების ორგანიზება,” – აცხადებს უცნობი წყარო.  


”ტერორისტული ჯგუფების მეთაურები აფინანსებენ ბანდებს [ჩრდილოეთ კავკასიაში] და კოორდინაციას უწევენ მათ საქმიანობას ტერორისტული აქტების მომზადებაში და თავის რიგებში აჰყავთ ახმეტის რაიონში მცხოვრები მუსულმანი ახალგაზრდობა,”-  იტყობინება ”იტარ-ტასსი” რუსეთის უშიშროების სამსახურის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.    


”ინტერფაქსი” ასევე ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ შემთხვევამ დაადასტურა ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა  ჩრდილოეთ კავკასიაში დამანგრეველ ტერორისტულ საქმიანობაში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს განცხადება და მას დეზინფორმაცია უწოდა, რაც საქართველოში დესტაბილიზაციას და პანკისის პრობლემის ხელახლა წამოჭრას ისახავს მიზნად.


პანკისის ხეობა, რომელიც რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარი გამღიზიანებელი 2001 წლის ბოლოდან და მომდევნო წლებში გახდა. 7 000-ზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი დასახლდა პანკისის ხეობაში მას შემდეგ, რაც 1999 წელს ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო. თუმცა მათი რაოდენობა თანდათან შემცირდა და ამჟამად პანკისის ხეობაში 1 000-ზე ცოტა მეტი ჩეჩენი ცხოვრობს.


2002 წლის იანვარში საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ პანკისის ხეობა შეიარაღებული მებრძოლების და კრიმინალური ბანდების თავშესაფარს წარმოადგენდა, რომლებიც ადამიანების გატაცებებით და ნარკოტიკების გადატანით იყვნენ დაკავებულნი. შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამინიტრომ ერთობლივი ანტიკრიმინალური ოპერაცია განახორციელეს. ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც, თბილისის განცხადებით, რუსულმა განამადგურებელმა 2002 წლის აგვისტოში პანკისის ხეობაში ჭურვი ჩამოაგდო. 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ანტი-კრიმინალური ოპერაცია დასრულდა და ხეობა აღარ წარმოადგენდა კრიმინალების თავშესაფარს.


ბოლოს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები ჩეჩენი მებრძოლების პანკისის ხეობაში ყოფნის შესახებ 2007 წლის იანვარში გააკეთეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა საზღვრის დაცვის საკითხებში მაშინ განაცხადა, რომ ”ჩეჩენ მებრძოლთა გარკვეული რაოდენობა კვლავ რჩება პანკისში”.  თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მებრძოლების საქართველოდან რუსეთში გადასვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა 2005 და 2006 წლებში.   

Exit mobile version