საერთაშორისო ექსპერტებმა დაასრულეს თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიება – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცნობა 4 მაისს საქართველოს კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ არის ”დეზინფორმაცია”, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გადატანას 20 აპრილის ინციდენტიდან, როდესაც რუსულმა MIG-29-მ ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა უკვე დაასრულა 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული ქართული თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიება, ”რომლის ანგარიშის გამოქვეყნება დაგეგმილია უახლოეს მომავალში”.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები არიან ბალტიისპირელი და ამერიკელი ექსპერტები.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 5 მაისს დაგეგმილია 20 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება დამოუკიდებელი ექპერტების მეორე საერთაშორისო ჯგუფისა და გაერო-ს დამკვირვებელთა მიერ.


საქართველო აცხადებს, რომ 20 აპრილს მისი უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა MIG-29-მ ჩამოაგდო. რუსეთი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ თვითმფრინავი აფხაზურმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. თბილისმა ბორტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც, თბილისის თქმით, უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა რუსეთი ამ მასალას ეჭვის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ გაყალბებული მტიკებულებაა.   



 

Exit mobile version