თბილისი აფხაზეთში მისი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ გალის რაიონში რაღაც სახის ინციდენტი მოხდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო მისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს უარყოფს.


აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 20 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10 საათზე, უპილოტო ქართული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო, როდესაც ის “ოჩამჩირის და გალის რაიონების თავზე, 6 000 მეტრის სიმაღლეზე სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა”. 


თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ამ ცნობას  “დეზინფორმაცია” უწოდა და განაცხადა, რომ მის კუთვნილ თვითმფრინავებს აფხაზეთის მიმართულებით ფრენები არ განუხორციელებია. 


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების “ტექნიკური შესაძლებლობა” არ გააჩნია.


“ჩვენი ინფორმაციით, გალის რაიონში აფეთქება მოხდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ რომ მათ დაინახეს თვითმფრინავები. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ ადგილზე და გავიგოთ რა აფეთქდა, როგორ აფეთქდა,” – განუცხადა მან ტელეკომპანია “მზეს”, “აფხაზური მხარე ამბობს, რომ ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ აფხაზურ მხარეს არ გააჩნია არანაირი ტექნიკური შესაძლებლობა ჩამოაგდოს უპილოტო თვითმფრინავი. მე ვფიქრობ, ეს არის იმ სამხედრო პროვოკაციების მოწყობის მცდელობების გაგრძელება, რომლის მომსწრეც ჩვენ ბოლო ორი დღის მანძილზე ვართ; ეს თავის მხრივ არის [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების შესახებ] რუსეთის გადაწყვეტილების გაგრძელება”.  


ანალოგიური ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მხარემ 18 მარტსაც გაავრცელა, როდესაც მისი თქმით, ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ წარმოებული საშუალო ზომის ქართული უპოლოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს გალის რაიონის თავზე. ამ თვითმფრინავის ნამსხვრევები სოხუმში ჟურნალისტებსაც უჩვენეს. თუმცა, მაშინაც ქართულმა მხარემ უარყო მისი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი.


ამასობაში, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 20 აპრილს უარყო ქართული მხარის განცხადებები, რომ სოხუმმა გალში და ქვემო კოდორის ხეობაში დამატებითი ძალები განალაგა. “აფსნიპრესის” ცნობით, შამბამ ასევე განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ განუცხადა აფხაზურ მხარეს, რომ მისიას არ შეუნიშნავს აფხაზეთის საზღვარზე დამატებითი ქართული ძალების კონცენტრაცია.


“გაეროს მისიის ცნობით, ზემო კოდორის ხეობაშიც არ გაზრდილა ქართული ძალების რაოდენობა,” – განაცხადა შამბამ და დასძინა, რომ გაეროს მისიის ინფორმაციით, ქართული ძალების იმავე რაოდენობამ, რომელიც ზემო კოდორის ხეობაში იქნა შეყვანილი, 19 აპრილს ხეობა დატოვა, რაც როტაციის ნიშანია. ადრე აფხაზურმა მხარემ ქართული მხარე ზუგდიდსა და ზემო კოდორის ხეობაში დამატებითი ძალების განთავსებაში დაადანაშაულა, თუმცა თბილისმა ეს ინფორმაცია უარყო.

Exit mobile version