პოლონეთის პრეზიდენტის სპეციალური მისია თბილისში შეხვედრებს მართავს

გამთენიისას თბილისში პოლონეთის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ქართველ კოლეგასთან მიხეილ საკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საქართველოსადმი ” ღია მხარდაჭერის” გამოხატვის მიზნით გამოგზავნა რუსეთის გადაწყვეტილების გამო გართულებული სიტუაციის ფონზე.


საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რობერტ დრაბა, ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი მიხალ კამინსკი და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორი მარიუშ ჰანძლიკი, დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.


იმავდროულად, 17 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა გააკეთა სპეციალური განცხადება, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობას ”ერთმნიშვნელოვნად დაგმობისაკენ” მოუწოდა რუსეთის გადაწყვეტილებისა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ლეგალიზებას ეხება. მან ასევე მოუწოდა მოსკოვს შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
 
”კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ბუქარესტის სამიტზე გახმოვანებულ ნატოს პოზიციას, რომლითაც ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოს მომავალ წევრობას, გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ,”- ნათქვამია ლეხ კაჩინსკის განცხადებაში, რომლის სრული ტექსტიც გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო უწყებამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version