სააკაშვილი პედაგოგებს ახალ დაპირებებს აძლევს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე განათლების სფეროში ბევრი ის ნაბიჯი გააკრიტიკა, რომელიც ყოფილი განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას დროს გადაიდგა. ამჟამად, ლომაია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია.


პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა პედაგოგებთან, რომელიც ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს. ეს შეხვედრა იმ შეხვედრებს წააგავდა, რომელსაც ის თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ატარებდა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.


”თქვენ ხართ საზოგადოების ელიტა და არა ის ხალხი, რომელიც ყოველდღე ჩნდება ტელეეკრანებზე და მიაჩნიათ, რომ ისინი არიან ელიტა,” – მიმართა მან პედაგოგებს, ”თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც ახალ საქართველოს ქმნის… განათლება სტრატეგიული დარგია ჩვენთვის”.


მისი თქმით, ის აპირებს აღადგინოს ”მეცამეტე ხელფასის დარიგება პედაგოგებისთვის” ყოველი წლის ბოლოს.


მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა უნდა გაუქმდეს. ”პედაგოგი სკოლაში არის განუსაზღვრელი ვადით და თუ ადამიანს პენსიაზე სურს გასვლა, მას ღირსეული პენსია უნდა ჰქონდეს. პედაგოგებს უნდა შევთავაზოთ ისეთი პაკეტი, რომ შიმშილისათვის არ იყვნენ განწირული. თქვენი პროფესია დაცული უნდა იყოს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მასწავლებელთა ტესტირების პრაქტიკა შეიცვლება გადამზადების პროგრამებით. ”ატესტაცია არ უნდა იყოს პედაგოგის დასჯის საშუალება”, – დასძინა მან.


შემდეგ მან იმ სკოლების დახურვის პრაქტიკაც გააკრიტიკა, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მოსწავლეთა მცირერიცხოვანი კონტიგენტი სწავლობს.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კუთვნილი შვებულება მასწავლებლებისთვის ისევ 48 დღე უნდა გახდეს, ნაცვლად ამჟამინდელი 24 დღისა. ”ადრე იყო 48-დღიანი შვებულება საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის; მაგრამ ვიღაცამ, არ ვიცი ვინ, გადაწყვიტა ის 24 დღემდე შეემცირებინა; ეს სისულელეა; ჩვენ უნდა აღვადგინოთ 48-დღიანი შვებულება,” – განაცხადა მან.


მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აღმოსაფხვრელია ბევრი ხელოვნური შეზღუდვა და ბარიერი. პრეზიდენტის თქმით, დღეიდან საქართველოში გაუქმდება სკოლის დირექტორების ლოტოტრონით შერჩევის წესი.


”ლოტო იმიტომ ჰქვია, რომ შეიძლება ათასში ერთხელ გაგიღიმოს ბედმა. ეს გაურკვეველი სისტემა იყო – თამაშობ ადამიანის ბედით, შერჩევის გაუკვეველი სისტემით”, – განაცხადა მან.


სააკაშვილის თქმით, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური დახმარების ვაუჩერები ამიერიდან არა მხოლოდ პედაგოგებისთვის, არამედ სკოლების ტექნიკური პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


თუმცა, მან ამავე დროს შეაქო განათლების სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა ”ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი რეფორმის” გატარებისთვის, რომელიც გულისხმობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას, რამაც კორუფცია აღმოფხვრა განათლების სისტემაში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version