პატარკაციშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 იანვარს ბადრი პატარკაციშვილს  დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


10 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში.


პატარკაციშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ 16 იანვარს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ის სააპელაციო სასამართლოში აპირებს განაჩენის გასაჩივრებას. პატარკაციშვილიც და მისი ადვოკატიც აცხადებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.


იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ”მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძებნა,” – განაცხადა შავგულიძემ, ”თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა, რადგან ბრალდება წაყენებული იქნა მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილმა თავისი ამბიციები გააჟღერა”.


 

Exit mobile version