საპარლამენტო არჩევნების თარიღზე პლებისციტის კითხვაზე ჩატარებული ეგზით პოლების თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის 63,6% მხარს უჭერს არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, 17,7% კი წინააღმდეგია. 21,3%-მა უარი განაცხადა ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისაგან.
ნატოში გაწევრიანების თაობაზე პლებისციტის მეორე კითხვაზე: ” უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?”, ეგზით პოლების თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის 61%-მა დადებითი პასუხი გასცა, 15,6% წინააღმდეგი იყო, ხოლო პასუხისგან 20,6%-მა შეიკავა თავი.
პლებისციტი ორივე საკითხზე 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.
ეგზით პოლები ტელეკომპანიების – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით განახორციელა ოთხმა ორგანიზაციამ: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS). საველე სამუშაოებს ექვსი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია – IPM, ACT, სარკე, ISSA, ISR და ARC – ატარებდა.