გიორგი თარგამაძე პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს

ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ კატეგორიულად უარყო ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წასვლის გეგმები.


თარგამაძის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ეჭვები ბოლო დროს გაჩნდა, რაც კიდევ უფრო გააღრმავა გენერალური პროკურატურის მიერ 24 დეკემბერს გავრცელებულმა ფარულმა ვიდეო-ჩანაწერმა, სადაც დეპუტატი ვალერი გელბახიანი შსს-ს მაღალჩინოსანს ესაუბრება. ამ ჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელბახიანი აცხადებს, რომ თარგამაძის პოლიტიკაში წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და ის უხელმძღვანელებს ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ”ჩვენ შევქმნით”. პატარკაციშვილი ტელეიმედის თანამფლობელია.


”მე ვმუშაობ ტელეიმედში, ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა ტელეიმედში, ვიყო დაკავებული ჩემი ჟურნალისტური საქმიანობით,”- განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს 24 დეკემბერს.


მისი თქმით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა რჩება უცვლელი და მიუკერძოებელი.


”ჩვენ ყოველნაირად თავს ავარიდებთ, არ ჩავერთვებით ისეთი ტიპის პროცესებში, რომელმაც შეიძლება ხელოვნური დაძაბულობა გამოიწვიოს ქვეყანაში,”- განაცხადა თარგამაძემ, ”აბსოლუტურად ვემიჯნებით ნებისმიერ მცდელობას ან ნებისმიერ მოსაზრებას ქვეყანაში რაიმე  სახის ძალადობრივი მეთოდით პროცესების განვითარებისა”.


თარგამაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ფრაქციას ხელმძღვანელობდა, თუმცა მან დატოვა სადეპუტატო მანდატი და პოლიტიკა 2003 წლის მარტში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version