ტელეეკრანებზე ”იმედის” გახსნის ნიშნები გაჩნდა

7 დეკემბერს ტელეკომპანია ”იმედის” არხზე მისი ლოგო გაჩნდა, თუმცა მაუწყებლობა ჯერ არ განახლებულა.


”იმედის” ხელმძღვანელობის განცხადებით, სტუდიის აპარატურა განადგურებულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს ტელევიზია მაუწყებლობას. თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ასევე აცხადებს, რომ ეს, სავარაუდოდ, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება.


ტელეკომპანიის ოფისიდან გაქრა სატელიტთან დამაკავშირებელი აპარატი. ”რომც აღვადგინოთ მაუწყებლობა რამდენიმე დღეში, ეს კუსტარულად მოხდება,” – განაცხადა ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა.


გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტელეკომპანია მხოლოდ თბილისში განაახლებს მაუწყებლობას.


”იმედის” ხელმძღვანელობა, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები, ადვოკატები და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ტელევიზიაში 7 დეკემბერს, ღამის 12 საათზე შევიდნენ, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ. ტელეკომპანია ხელისუფლებამ 7 ნოემბერს პოლიციის რეიდის შემდეგ დახურა.


7 დეკემბერს დილით ”იმედის” ხელმძღვანელობის მიერ მაუწყებლობის აღდგენის შესახებ გაკეთებული პირველი რეაქცია უფრო პესიმისტური იყო. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ”იმედი” მაუწყებლობის განახლებას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ბარათაშვილმა უპასუხა: ”რომელ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობთ: 5 იანვრის, თუ შემდეგს?”    


”როდესაც საეთეროში შევედი, თითქმის შეუძლებელი გახდა იმის ცნობა, რომ ეს ოდესღაც საეთერო იყო,” – განუცხადა ტელეკომპანია ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს. ”მონიტორები განადგურებულია; რამდენიმე საერთოდ აკლია, მათ შორის საეთეროშიც”.


მოგვიანებით, 7 დეკემბერს ტელესტუდიაში სხვა ტელეკომპანიებიც შეუშვეს იქ არსებული ვითარების გასაშუქებლად.


”ეს არის ბარბაროსობა,” – განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს ტელევიზიის შენობის დათვალიერების შემდეგ, ”ეს არის კერძო საკუთრების განადგურება. ყველა, ვინც გასცა ეს ბრძანება და ვინც შეასრულა ის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს”.  


ამასობაში, რადიო ”იმედმა” უკვე განაახლა მაუწყებლობა. რადიოსადგური ”იმედი” 7 ნოემბერს ტელევიზიასთან ერთად დაიხურა. თუმცა, ტელევიზიისგან განსხვავებით, რაიმე სამართლებრივი წინააღმდეგობა რადიო ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, რადიოს შენობა გუშინ ღამემდე დალუქული იყო.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედის” ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება 6 დეკემბერს მიიღო. ეს ბოლო დაბრკოლება რჩებოდა ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს შეცვალა 7 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version