პრეზიდენტი კონსტიტუციური მონარქიის შესახებ ხუმრობანარევ კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ოქტომბერს ფინეთში სტუმრობისას პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივასთან დაკავშირებით.


”ჩემი დიდი ბებიაც ბაგრატიონი იყო  – ეს იმის საყურადღებოდ, ვისაც მონარქიის აღდგენა უნდა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


”ხვალ საქართველოში ნამდვილად კარგი იქნება, თუ ავიცილებთ არჩევნებს შემდგომს და წყნარად ყველაფერს გადავაგორებთ ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე,”- აღნიშნა მან, ”ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, იმიტომ რომ იუმორის გრძნობა ოპოზიციას ბოლო ხანებში ღალატობს”.


კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 7 ოქტომბერს საკვირაო ქადაგებისას გააჟღერა, რასაც ოპოზიციის უმრავლესობა მიესალმა. გაერთიანებული ათი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ, საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მოდელით შეცვლაა.


მმართველი პარტიის პოზიციით კი ამ იდეის განხორციელება არარეალურია, რადგან ამ ეტაპზე საქართველოსთვის ყველაზე მისაღები წყობა საპრეზიდენტო მმართველობაა.


კონსტიტუციური მონარქიის თემაზე დეპუტატები პარლამენტში დებატებს 25 ოქტომბრისთვის გეგმავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version