სააკაშვილი: ყოფილი მაღალჩინოსანი საიდუმლო ინფორმაციით რუსეთში გაიქცა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილის უსაყვედურა იმის გამო, რომ სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს საიდუმლო ინფორმაციით რუსეთში გაქცევის საშუალება მისცეს.


გენერალური პროკურატურის ცნობით, იასონ ჩიხლაძე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისების ბრალდებით იძებნება იმ საქმეების გამო, რომლებშიც ასევე გარეულია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.


4 ოქტომბერს საღამოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ ჩიხლაძე ცოტა ხნის წინ თურქეთიდან რუსეთში გაიქცა ყალბი პასპორტით.


”ის თურქეთში იმყოფებოდა ოქრუაშვილთან ერთად,” – განაცხადა მერაბიშვილმა, ”მათ ასევე ახლდათ [ალექსანდრე] სუხიტაშვილი [თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ივლისში დატოვა თანამდებობა]. თუმცა, ამჟამად სად იმყოფება სუხიტაშვილი არ ვიცით”.


”მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვკითხო – როგორ გაგიძვრათ და როგორ აღმოჩნდა დღეს რუსეთის ფედერაციაში ეს ჩიხლაძე ე.წ. ”ვოლკი”?” – განაცხადა სააკაშვილმა, ”გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების უფროსზე; ადამიანი, რომელმაც საქართველოს თავდაცვის შესყიდვების შესახებ ყველა საიდუმლო ინფორმაცია იცის, აღმოჩნდა პირდაპირ მოსკოვში.”


”რაღად გვინდა დაზვერვა, თუ მთავარი ინფორმაციის ”ცენტრი” ჩადის პირდაპირ რუსეთში? მათ უკვე ყველაფერი იციან, რაც აქამდე ხდებოდა. თავდაცვის სფერო გვაქვს გახსნილი, ვგულისხმობ ტაქტიკურ და ოპერატიულ გზებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.


”როგორ უნდა მივსულიყავით იმ მდგომარეობამდე, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა, კრიმინალური წრეებიდან იყო მოსული… ის რაც მოხდა თავდაცვის სამინისტროში, შემაშფოთებელი და ძალიან არასასიამოვნოა. კითხვა – როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო – დიდი ხნის მანძილზე დარჩება განხილვის საკითხად,”- აღნიშნა სააკაშვილმა. 


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ეს არავის მიმართ არ არის კონკრეტული საყვედური, ”თითოეული ჩვენგანისთვის ეს მძიმე გაკვეთილია.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version