ლავროვი: ბეჟუაშვილმა თავი აარიდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე მსჯელობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მისმა ქართველმა კოლეგამ გელა ბეჟუაშვილმა უარი განაცხადა  25 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე, რისი მიზეზიც შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე საუბრისგან თავის არიდება იყო,  იუწყება ”რია ნოვოსტი”.


”რაიმე ალტერნატიული წინადადება შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენთვის არ შემოუთავაზებიათ და ეს ჩვენ გვაშფოთებს,”- აცხადებს სერგეი ლავროვი.


შეხვედრა დაგეგმილი იყო ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის პარალელურად, სადაც გელა ბეჟუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იმყოფება. ჯერ-ჯერობით ქართულ მხარეს არ განუმარტავს შეხვედრის ჩაშლის მიზეზები.


ლავროვის თქმით, ქართველ კოლეგასთან ”პირდაპირი საუბარი” უნდა შემდგარიყო, ”ფაქტების საფუძველზე”, მათ შორის ”აფხაზეთში ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მკვლელობის” საკითხზე.


საუბარია 20 სექტემბრის ინციდენტზე, როცა აფხაზ ”დივერსანტებთან” შეიარაღებული შეტაკების შედეგად, როგორც ამას თბილისი აცხადებს, ორი აფხაზი მებრძოლი იქნა მოკლული, ორი დაიჭრა, ხოლო შვიდი მათგანი ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს.


”მკვლელობა ადამიანებისა, რომლებმაც, როგორც ჩვენ მიმდინარე გამოძიებიდან ვარკვევთ, დაყარეს იარაღი ქართული სპეცრაზმის მოთხოვნისთანავე და ფაქტიურად უბრალოდ დაისაჯენ, მიბჯენით სროლით და ერთს ყელი გამოჭრეს ,”- განაცხადა ლავროვმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია ამ ფაქტზე ”ობიექტურ” საგამოძიებო დასკვნას გააგზავნის გაეროს შტაბბინაში.


”ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ქართული მხარე, მშვენივრად იცის რა მომხდარის შესახებ… კიდევ აფრთხილებს, რომ ქართული სპეცრაზმი მომავალშიც ანალოგიურად იმოქმედებს,”- დასძენს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


ლავროვი ასევე აპირებდა ქართველ კოლეგასთან განეხილა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 29 აგვისტოს ორი სამშვიდობოს ”უსაფუძვლოდ” დაკავების ფაქტი და მოეთხოვა მათი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება. ქართულმა სასამართლომ სამშვიდობოებს ადამიანების გატაცების ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


სერგეი ლავროვმა ასევე გააკრიტიკა თბილისის მცდელობა მიმართული დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის პოპულარიზაციისაკენ და ამ პროცესში უცხოელი დიპლომატების ხელშეწყობა.


მისი თქმით, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს ორივე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში განახლდეს მოლაპარაკებათა პროცესები. ასევე, მისი თქმით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, რომ თბილისმა ხელი მოაწეროს სოხუმთან და ცხინვალთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებებს, რასაც ”თითქმის ორი წელია ქართული მხარე ყველანაირად გაურბის”.


”ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რა მეთოდებით აპირებს ქართული მხარე ამ კონფლიქტების მოგვარებას?”- აცხადებს ლავროვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version