რესპუბლიკელები პრეზიდენტობის კანდიდატს მაისში დაასახელებენ

დეპუტატმა ”რესპუბლიკური პარტიიდან” ლევან ბერძენიშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტია მისი კანდიდატურის დასახელებას გეგმავს მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.


”ჩვენ პარტიის კანდიდატურას 2008 წლის მაისში დავასახელებთ,” – განაცხადა მან 3 სექტემბერს.


ვარაუდები ბერძენიშვილის კანდიდატურის თაობაზე პარტიის ლიდერთან დავით უსუფაშვილთან გაზეთ ”რეზონანსში” 3 სექტემბერს გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გააჩინა.


უსუფაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მხარს უჭერენ სახელმწიფო მოწყობის საპარლამენტო მოდელს, სადაც პრეზიდენტი იქნება პატივცემული, ინტელექტუალური პიროვნება, რომელიც ”არბიტრის როლს” შეასრულებს. მისი თქმით, დავით ბერძენიშვილი ამგვარ სისტემაში პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა.


ამავდროულად, გაზეთმა ”რეზონანსმა” 3 სექტემბერს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის არარეპრეზენტატიული გამოკითხვის შედეგები. გაზეთის ცნობით, ტელეფონის საშუალებით გამოიკითხა 300 შემთხვევით არჩეული რესპონდენტი თბილისის მასშტაბით. მათ კითხეს, თუ ვის აირჩევდნენ პრეზიდენტად არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო.


”რეზონანსის” ცნობით, გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, რომ ისინი არც ერთ პოტენციურ კანდიდატს არ მისცემდნენ ხმას. ამავე გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხმების 14.6% მოიპოვა. მის შემდეგ მოდის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხმების 10%-ით.


დავით ბერძენიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა 7.3%-ით, ხოლო ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მეოთხე ადგილი 5.6%-ით. შემდეგ მოდიან: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი – 4.6%, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე და გია მაისაშვილი – 4.3% თითოეულს. გამოკითხულთა 19.6%-მა განაცხადა, რომ მათ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version