მოსკოვის თქმით თბილისთან შსკ-ს ჩატარება შეათანხმა

ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) პლენარული სხდომის სექტემბრის ბოლოს თბილისში ჩატარების საკითხი ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 30 აგვისტოს მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ვლადიმერ ნაზაროვთან.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ გააფრთხილა საქართველოს ოფიციალური პირები, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერა არ უწყობს ხელს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას. მოსკოვმა ასევე გააფრთხილა თბილისი იმ მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც მოლაპარაკებების ფორმატების წინააღმდეგაა მიმართული. 


აგვისტოში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ დატოვა თანათავმჯდომარის პოსტი შერეულ საკონტროლო კომისიაში. მისი ადგილი მისმა მოადგილემ დიმიტრი მანჯავიძემ დაიკავა. ამგვარი ქმედება აღქმული იქნა, როგორც თბილისის მიერ კომისიის მუშაობის უგულებელყოფა.


შსკ-ს ბოლო პლენალური სხდომა ვლადიკავკაზში გასული წლის ოქტომბერში გაიმართა. მას შემდეგ თბილისს კომისიის მუშაობას მონაწილეობა აღარ მიუღია. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პლენარული სხდომა თბილისში სექტემბრის ბოლოს გაიმართოს.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version