მოსკოვს ნეიტრალური საქართველო სურს

რუსეთს სურს, რომ საქართველო იყოს ”სუვერენული, ნეიტრალური და მეგობრული სახელმწიფო”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს.


”თუ ოფიციალური თბილისი გადადგამს ნაბიჯებს რუსულ-ქართული ურთიერთობების რეალური ნორმალიზებისკენ, ჩვენი კონსტრუქციული პასუხიც არ დააყოვნებს,” – განაცხადა საგარეო უწყებამ თავის საინფორმაციო შეტყობინებაში.


ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოსკოვის ეს პოზიცია 30 აგვისტოს მოსკოვში თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი მანჯგალაძესთან და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე გაახმოვანა.


რუსეთის მოწოდებები საქართველოს ნეიტრალიტეტისკენ ეწინააღმდეგება თბილისის ნატოში მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და იგი განსჯას არ ექვემდებარება.


”კონსულტაციების დროს რუსულმა მხარემ აღნიშნა მზადყოფნა განაგრძოს მუშაობა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად, რაც ასევე გულისხმობს ჯერ კიდევ დარჩენილი შეზღუდვების მოხსნას,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის ეკონომიკური ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ.


თუმცა, სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ 6 აგვისტოს ”პროვოკაციული” ინციდენტი, რასაც მოყვა თბილისის ”ხმამაღალი ბრალდებები” რუსეთის აგრესიის შესახებ აფერხებს იმ ”პოზიტიურ ტენდენციებს”, რომლებიც საქართველოსთან დიალოგში შეიმჩნევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version