რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 24 აგვისტოს რუსეთში საფრანგეთის და გერმანიის ელჩებს შეხვდა და საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი. ეს უკანასკნელი იმ რუსული საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც საქართველოში მომხდარ ინციდენტს 16-დან 17 აგვისტოს ჩათვლით იძიებდა.
”მან [ვალერი კენიაიკინმა] ელჩებს წარუდგინა სამხედრო-ტექნიკური მონაცემები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ინციდენტის პროვოკაციულ ხასიათს. ეს ინციდენტი საქართველოში იმ ძალებმა დაგეგმეს, რომლებიც ცნობილ სამხედრო სტრუქტურებში შესვლის გულისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ძირი გამოუთხარონ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 24 აგვისტოს.
რუსეთის მხარემ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ მზადყოფნას განაგრძოს თანამშრომლობა 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიების მიზნით.