ლომაია: ახალქალაქში უნივერსიტეტის გახსნა არ იგეგმება

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალქალაქში სომხური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება.


”ვფიქრობთ, რომ გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ახალქალაქის, ნინოწმინდის ან სხვა რეგიონში მაცხოვრებელმა ეთნიკურმა სომხებმა მთლიანად დაიკმაყოფილონ თავიანთი საგანმანათლებლო მოთხოვნები საქართველოს უნივერსიტეტებში,” – განუცხადა ლომაიამ ჟურნალისტებს 22 აგვისტოს.


ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ”ამბიციური გეგმა” გაარემონტოს ქვეყნის მასშტაბით არსებული სკოლები. ლომაიამ დააკონკრეტა, რომ 400 სკოლის გარემონტება იგეგმება მიმდინარე წელს.


”პირველ რიგში, გამგებლებს და გუბერნატორებს ვთხოვ, რომ მიაქციონ ყურადღება ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს და აღმოუჩინონ დახმარება,” – განაცხადა ნოღაიდელმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version