თბილისმა მოსკოვს რადიოსალოკაციო მონაცემები ოფიციალურად მოთხოვა

საქართველოს მხარემ ოფიციალურად მოითხოვა რუსეთის ფედერაციის რადიოსალოკაციო სადგურების მონაცემები 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტის მომენტისათვის, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. 

ამ ეტაპზე გამოძიებას გააჩნია მხოლოდ ქართულ რადარებზე დაფიქსირებული მტკიცებულებები იმისა, რომ 6 აგვისტოს ყაზბეგის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია რუსულმა თვითმფინავმა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო.


ამ და გამოძიებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს შეეხო სატელეფონო საუბარი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით 9 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ნიკოლოზ ვაშაკიძესა და გრიგორი კარასინს შორის გაიმართა.


მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, აცხადებს საგარეო უწყება.

ვაშაკიძემ განუცხადა რუს კოლეგას, რომ უახლოეს პერიოდში მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით მუშაობას შეუდგება საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქაჯაიამ 10 აგვისტოს ”სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან მათი ექსპერტთა ჯგუფში ჩართვის მიზნით.  

The Wall Street Journal-ი 10 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრზე გელა ბეჟუაშვილზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლიტვამ, შვედეთმა, ბრიტანეთმა და ხორვატიამ უკვე გამოთქვეს სურვილი გამოაგზავნონ თავიანთი ექსპერტები საგამოძიებო ჯგუფში.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version