აშშ გმობს სარაკეტო თავდასხმას საქართველოზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს 6 აგვისტოს საქართველოზე განხორციელებულ შეტევას და მოუწოდებს, ”სასწრაფოდ მოეფინოს ნათელი ინციდენტთან დაკავშირებულ ფაქტებს”.


8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვაშინგტონი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ”აგრძელებს თავშეკავებას საჰაერო თავდასხმის ფონის მიუხედავად” და მოუწოდებს ყველა მხარეს ”ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობისა და ეუთოს მიერ წარმოებულ გამოძიებასთან”.


იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა: ”ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ მივიღოთ ზუსტი სურათი იმაზე, რაც მოხდა. მაგრამ ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის დავგმობთ ნებისმიერი სახის თავდასხმას სუვერენულ ტერიტორიაზე”.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ოფიციალურ განცხადებაში ასევე მოუწოდა სამხრეთ ოსეთში ეუთოს სადამკვირვებლო ოპერაციების გაფართოვებისაკენ და როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგისაკენ. საქართველო დიდი ხანია ითხოვს თვითგამოცხადებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელ ამ გვირაბზე მონიტორინგის დაწესებას აცხადებს რა, რომ ეს იარაღისა და სხვა სახის კონტრაბანდის მოძრაობის ადგილია.


ვაშინგტონმა 8 აგვისტოს განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მცდელობებისადმი ”ჩართოს ყველა მხარე საერთაშორისო დონეზე აღიარებული საქართველოს საზღვრებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის პროცესში”.


საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ შექმნა სახელმწიფო კომისია რეგიონის სტატუსის განსაზღვრის მიზნით და მასში სამუშაოდ მოსკოვი და ცხინვალიც მიიწვია. თუმცა არცერთი მათგანი ჯერ-ჯერობით ამ წინადადებას არ დათანხმებულა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version