ეუთოს თავმჯდომარე დაბომბვის ”სრულყოფილი გამოძიებისაკენ” მოუწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა განაცხადა, რომ ”სრულყოფილი გამოძიება” უნდა ჩატარდეს 6 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის ინციდენტზე.


”ამ გამოძიებაში უნდა ჩაერთოს ყველა დაკავშირებული მხარე,” – განაცხადა მან 8 აგვისტოს, ”ეუთო მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან საკუთარი მანდატის ფარგლებში”.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ასევე გაამხნევა ინციდენტთან ასოცირებული მხარეები ”გააგრძელონ თავშეკავება” და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის სულისკვეთება ხელს შეუწყობს გამოძიებას.


”ჩვენ მივესალმებით მხარეთა გადაწყვეტილებებს, რომლითაც თავს შეიკავებენ ისეთი ქმედებებისაგან, რაც დაძაბულობას გაზრდის,”- დასძენს მორატინოსი.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დაბომბვის ინციდენტი სატელეფონო საუბრებში განიხილა როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გელა ბეჟუაშვილთან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრე დენისოვთან.


თბილისმა 8 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ”ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი”, რომელიც გამოიძიებს ინციდენტს.


”ვიწვევთ ამ ექსპერტთა ჯგუფში ყველა პარტნიორ ქვეყანას, ეს იქნება სამხედრო ექსპერტი, ეს იქნება ავიაციის ექსპერტი ან სხვა ექსპერტები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას იმაში, რომ დადასტურდეს და შესწავლილი იქნას სათანადოდ ის ბაზა, ის მტკიცებულებები, რომელიც შეგროვილი იქნა ქართული მხარის მიერ,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა და დასძინა, ”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვისაც სურს სიმართლის დადგენა”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version