საქართველოს სურს დაბომბვის ფაქტი გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილოს

საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს ”გადაუდებელი” სხდომის მოწვევას 6 აგვისტოს საქართველოზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის განხილვის მიზნით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლობამ გაეროში უკვე მიიღო თბილისიდან შესაბამისი ინსტრუქციები.


”ჩვენ გვინდა, რომ გაერო დაუბრუნდეს კოდორის დაბომბვის ფაქტს და ასევე განიხილოს მთელი სერიოზულობით საქართველოს დაბომბვის ფაქტი გორის რაიონში და ამისათვის ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ კონსულტაციებს უშიშროების საბჭოს არამუდმივ და მუდმივ წევრებთან,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა.


თბილისი 6 აგვისტოს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაში მოსკოვს ადანაშაულებს, ისევე როგორც 11 მარტის კოდორის ხეობის დაბომბვის შემთხვევაში, თუმცა რუსული მხარე უარყოფს ორივე ამ ინციდენტთან კავშირს და აცხადებს, რომ დაბომბვა შესაძლებელია თავად განეხორციელებინა ქართულ მხარეს.


საქართველო აცხადებს, რომ 6 აგვისტოს რუსულმა SU-24 ტიპის მოიერიშე თვითმფინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ტერიტორია დაბომბა.


ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის განცხადებებს ზურგი გაუმაგრა ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფის დასკვნამ, რომელშიც ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური მხარეები და ეუთოს დამკვირვებლები არიან ჩართულები.


”მათ ფაქტიურად დაადასტურეს, რომ თვითმფრინავები შემოფრინდნენ ჩრდილოეთიდან,”- განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს, ”ეს ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის და თქვენ თავად ნახავთ, რომ თვით დსთ-ს ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჯგუფში, ადასტურებენ ამ ფაქტს”.


თუმცა აღნიშნული ანგარიში ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ  ”პარტნიორ ქვეყნებთან” კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ინციდენტის დამატებით გამოძიებას ჩაატარებს.


”ვიწვევთ ამ ექსპერტთა ჯგუფში ყველა პარტნიორ ქვეყანას, ეს იქნება სამხედრო ექსპერტი, ეს იქნება ავიაციის ექსპერტი ან სხვა ექსპერტები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას იმაში, რომ დადასტურდეს და შესწავლილი იქნას სათანადოდ ის ბაზა, ის მტკიცებულებები, რომელიც შეგროვილი იქნა ქართული მხარის მიერ,”- განაცხადა მან და დასძინა, ”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვისაც სურს სიმართლის დადგენა”.   


ბეჟუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისის სურვილია ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად ჩაერთონ ამ ჯგუფში.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში რიგი სატელეფონო საუბრები გამართა უცხოელ კოლეგებთან.


7 აგვისტოს იგი ესაუბრა ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, შვედეთის, ბულგარეთის და ესპანეთის –  ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრებს; ასევე პორტუგალიის  – ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის –  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მანუელ ლობო ანტუნესს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დანიელ ფრიდს და მის მოადგილეს მეთიუ ბრაიზას. 8 აგვისტოს ბეჟუაშვილი ესაუბრა კოლეგებს პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და გერმანიიდან.


იმავდროულად, მისი განცხადებით, საქართველო აგრძელებს კონსულტაციებს რუსეთთან. მისმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ 8 აგვისტოს დაბომბვის ინციდენტის ირგვლივ ურთიერთქმედების საკითხები განიხილა რუს კოლეგასთან გრიგორი კარასინთან.


გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მოსკოვში უკიდურესად შეშფოთებულები არიან ინციდენტით და განიხილავენ მას, როგორც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გაჩენილი პოზიტიური ტენდენციების ჩაშლის და ასევე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ირგვლივ სიტუაციის გამწვავების მცდელობას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version