რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს ტერიტორია დაბომბა – მერაბიშვილი

რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა შიდა ქართლის რეგიონში სოფელ წითელიუბანთან მართვადი ”ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტა ჩამოაგდო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს.


რაკეტა, რომელიც არ აფეთქებულა, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად დაახლოებით 19:30 საათზე ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.


ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორმა რუსულმა, სავარაუდოდ, სუ-24 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ყაზბეგის რაიონის მიდამოებში დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და გორის რაიონისკენ აიღო გეზი.


”ჩვენ გვაქვს სარადარო მონაცემები, რომლითაც დასტურდება რომ თვითმფრინავი რუსეთის მხრიდან, ყაზბეგის რაიონის თავზე შემოფრინდა და ამავე მიმართულების გავლით დატოვა საქართველოს საჰაერო სივრცე,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

ქართული მხარე სარადარო მონაცემებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ თვითმფინავები ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ მოზდოკში არსებული საჰაერო ბაზიდან დაიძრნენ.


თბილისში მომხდარი უკვე შეაფასეს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგრესია.

”მე ამას შევაფასებ ისე, როგორც უცხო ქვეყნიდან შემოფრენილი თვითმფრინავის მიერ განხორციელებულ აგრესიას,”- განაცხადა მერაბიშვილმა.

თუმცა რუსეთმა უკვე უარყო მომხდართან რაიმე კავშირი.


”რუსეთის თვითმფრინავებს ამ მიმართულებით ფრენა არ განუხორციელებიათ არც ორშაბათს და არც სამშაბათს, შესაბამისად საქართველოს საჰაერო სივრცეს ვერ დავარღვევდით,”- განუცხადა ”რია ნოვოსტის” რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ 7 აგვისტოს.


11 მარტს ზემო კოდორის ხეობაც დაიბომბა. მაშინაც თბილისმა რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა უარყო ბრალდებები.


გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებაში მხოლოდ მინიშნებულია, რომ რუსულ ვერტმფრენებს შესაძლოა დაებომბათ ზემო კოდორის ხეობა, თუმცა გადაჭრით ამას მოხსენება არ ადასტურებს.


თბილისმა 11 მარტის ინციდენტის საერთაშორისო გამოძიების გაგრძელება ითხოვა, რათა საბოლოოდ გაირკვეს თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version