ცენტრალური ბაზრის დემონტაჟი მოვაჭრეთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

4 აგვისტოს ღამეს თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის დემონტაჟი მოვაჭრეთა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, რაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.


მოვაჭრეები შიშობენ რომ ბაზრის რეკონსტრუქციის შემდეგ ისინი სამუშაო ადგილებს დაკარგავენ და უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას მემარცხენე ოპოზიციური პარტიები უცხადებენ, მათ შორის ლეიბორისტები და ქართული დასი.


თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა 4 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთი მოვაჭრე უმუშევარი არ დარჩება.


მისი თქმით, მოხდება ე.წ დეზერტირების ბაზრის შენობის სრული რეკონსტრუქცია, რადგან ის ამორტიზებულია და საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისათვის. 


ახვლედიანის განცხადებით, ინვესტორი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს ააშენებს, სადაც რამოდენიმე სართულზე განთავსდება აგრარული ბაზარი და ადგილები დაეთმობა დეზერტირების ბაზარში მომუშავე 1000-ზე მეტ მოვაჭრეს. მანამდე კი მათ თბილისის 8 ბაზარში გადაანაწილებენ.


იმავდროულად, ინვესტორი ბაზრის დემონტაჟის პროცესით დაზარალებულ მოვაჭრეებს 100 ლარიან კომპენსაციას პირდება, აცხადებს მამუკა ახვლედიანი.



This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version