ოპოზიცია პატიმრების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოდის

პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამოსწორებისა და პატიმართათვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნის მიზნით ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს სპეციალური მემორანდუმს, სიმბოლურად თბილისის მე-5 საპყრობილეს შენობის წინ მოაწერა ხელი.


მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტია საქართველოს გზის, თავისუფლების, რესპუბლიკელების, ლეიბორისტების, მრეწველების, ეროვნულ-დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, კონსერვატორების და პოლიტიკური მოძრაობა ”ჩვენ თვითონ” წარმომადგენლებმა,  საქართველოს მთავრობას, საპატრიარქოს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაეგზავნა.


ოპოზიციური პარტიები მემორანდუმში ასახულ თემებზე ხელისუფლების რეაგირებას უმოკლეს ვადაში , აგვისტოს ბოლოსთვის ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ”პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე პასუხისმგებელი ხელისუფლების ყველა შტო იქნება”.


მემორანდუმში მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, 2006 წელს საპატიმროში 92, ხოლო წელს უკვე 64 პატიმარი გარდაიცვალა. 2007 წლის ივლისის მონაცემებით, ციხეებში 18 138 მსჯავრდებულია მოთავსებული, როცა რეალურად 15 040 ადგილია, შესაბამისად, 20-კაციან საკნებში სასჯელს 80-100 პატიმარი იხდის.


”ჩვენ არ ვითხოვთ ევროსტანდარტებს, ჩვენი მოთხოვნა ძალიან ელემენტარულია: მივცეთ პატიმრებს სიცოცხლის უფლება”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version