სოხუმში აცხადებენ, რომ თბილისს არ აქვს რესურსი შეაჩეროს ინვესტიციები აფხაზეთში

თბილისმა ამოწურა აფხაზეთის ეკონომიკაზე ზეგავლენის რესურსი, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სტანისლავ ლაკობა 31 ივლისს.


”დრომ დაადასტურა ოფიციალური თბილისის მცდელობების უპერსპექტივობა წინააღმდეგობა გაუწიოს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას,”- იუწყებიან აფხაზური მედია-წყაროები ლაკობას სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი ეს კომენტარი მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა უცხოელ ინვესტორებს თავი შეიკავონ აფხაზეთში უკანონო ინვესტირებისაგან.


თბილისის გაფრთხილება ”პროპაგანდის ნაწილია”, რომელსაც რეალურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, განუცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ ”აფსნიპრესს” 31 ივლისს.


”რადგანაც საქართველოს სხვა ზეწოლის ბერკეტები უკვე აღარ აქვს და არც ექნება, ერთადერთი რჩება დეზინფორმაციის გავრცელება,”- დასძინა ბჟანიამ.


საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში პრივატიზაციაში მონაწილეობის გამო ძირითადად პრეტენზიები რუსეთის ფედერაციასთან აქვს. ცოტა ხნის წინ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საუბარია აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების, გუბერნატორის, ფინანსური მაგნატის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ”უკანონოდ” შეძენილ 31 ობიექტზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version