თბილისის მერია 50 მიწის ნაკვეთის კანონიერებას სწავლობს

დედაქალაქის მერიამ 20 ივლისს მიიღო დადგენილება თბილისში 1994-1999 წლებში გაცემული 50 მიწის ნაკვეთის კანონიერების შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.


დადგენილებაში, რომელსაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავა აწერს ხელს, ნათქვამია, რომ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე 1994-1999 წლებში თბილისის მთავრობის  –  ”არაუფლებამოსილი ორგანოს” – მიერ მიწის ნაკვეთები უკანონოდ არის გაცემული, რადგან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებას მხოლოდ თბილისის მერს ანიჭებდა.


თუმცა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) მერიის არგუმენტაციას ”არასწორს”, ხოლო დადგენილებას ”უკანონოს” უწოდებს, რადგან მიწის განკარგვის უფლება მაშინ მოქმედი კანონმდებლობით ჰქონდა როგორც თბილისის მერს, ისე მუნიციპალურ მთავრობას.


საია თბილისის იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებასაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მერიის 20 ივლისის გადაწყვეტილებამ, სამართლებრივ დახმარებას პირდება.


”მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები,”- განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.


ქართული მედია აქტიურად აშუქებს ამ საკითხს, რადგან შესაძლოა მერიის გადაწყვეტილებამ კერძო საკუთრების ჩამორთმევის ახალი ტალღა გამოიწვიოს. რიგ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა კანონიერებასაც მერია ამოწმებს, უკვე საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ნაგებობებია აშენებული.


აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ მიწის ნაკვეთების კანონიერების შესწავლა დაიწყო 6 დღით ადრე, რაც 26 ივლისს ძალაში შევიდა კანონი ”ქონების ლეგალიზაციის შესახებ”.


პარლამენტის მიერ 22 ივნისს მიღებული ეს კანონი, რომელიც გამოქვეყნებიდან (11 ივლისი) მე-15 დღეს ამოქმედდა, უკრძალავს სახელმწიფო ორგანოს და თანამდებობის პირს ლეგალიზებულ ქონების მიმართ დაიწყოს გამოძიების წარმოება, ან ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლი, შესწავლა და შემოწმება.

თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელზეც კანონის ამოქმედების მომენტში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ან სასამართლო დავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version