სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია მუშაობის აქტიურ ფაზაში გადადის

სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისია 15 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიკრიბება, სადაც სამუშაო ჯგუფები გარკვეულ წინადადებებს წარადგენენ ფართო ავტონომიური სტატუსის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით.


კომისიამ კონფლიქტის ზონაში, სოფელ თამარაშენში 28 ივლისს ჩატარებულ გასვლით სხდომაზე 5 სამუშაო ჯგუფი დააკომპლექტა კონსტიტუციურ-სამართლებრივ, ფინანსურ, ეკონომიკურ, განათლების და კულტურის მიმართულებებით.


კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტარები უმრავლესობიდან და ოპოზიციური პარტია რესპუბლიკელების წევრი ივლიანე ხაინდრავა. რესპუბლიკური პარტია ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელიც თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობს კომისიასთან.


თბილისმა ასევე თხოვა რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს ჩაერთონ კომისიის მუშაობაში.


ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ, რომელიც თბილისს სტუმრობდა, 28 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირმა ჯერ უნდა შეისწავლოს საქართველოს ხელისუფლების შეთავაზება. ”ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს რამდენიმე გამომდინარე შეკითხვა ქართული მხარის მიმართ,”- დასძინა მან.


თუმცა სემნებიმ არ გამორიცხა ევროკავშირის მხარდაჭერა ექსპერტების დონეზე სტატუსის განსაზღვრისა და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში.


რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 27 ივლისს განაცხადა, რომ მას ეეჭვება რუსეთი ჩაერთოს კომისიის მუშაობაში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც სახელმწიფო კომისიას თავმჯდომარეობს, 28 ივლისს განაცხადა, რომ მას მაინც ჰგონია, რომ რუსეთი ”გარკვეული ფორმით მაინც მიიღებს მონაწილეობას”.


ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ კი უკვე გადაჭრით უარყო რაიმე სახის თანამშრომლობა კომისიასთან.


როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონის ავტონომიური სტატუსი დაეფუძნება თბილისის მიერ სამი წლის წინ შემუშავებული დოკუმენტის – ”საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით”  – პრინციპებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version