მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის პროცესი 2008 წლიდან დაიწყება

პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით 19-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი გასული საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების ”ნებაყოფლობითი” რეპატრიაციის თაობაზე. პროცესი 2008 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.


კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ განაცხადით საქართველოს უახლოეს საკონსულოს ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნებისმიერ დროს, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ეს ერთწლიანი პერიოდი საშუალებას მისცემს ხელისუფლებას განსაზღვროს რამდენ ადამიანს სურს დაბრუნება.


რეპატრიაციის უფლებით შეიძლება ისარგებლონ  1944 წელს საბჭოთა რეჟიმის დადგენილების საფუძველზე გადასახლებულებმა, მათმა მეუღლეებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა და ოჯახის წევრებმა, თუმცა მათ უნდა წარადგინონ გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი.


რეპატრიაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გააკონტროლებს. შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან კონსულტაციების საფუძველზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მიიღებს სტატუსის მინიჭებისა ან მასზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.


კანონპროექტი არ ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ფინანსური მხარდაჭერა ან მათი კომპაქტურად ჩასახლება უზრუნველყოს.


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მაჰმადიან მესხთა დაბრუნება ქვეყანას, სადაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების პრობლემა მოუგვარებელია, დამატებით პრობლემებს შეუქმნის. თუმცა უმრავლესობა აცხადებს, რომ კანონი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან სრულ შესაბამისობაშია.


კანონის მიღება ნაწილია იმ ვალდებულების შესრულების, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს წინაშე აქვს აღებული 2011 წლამდე რეპატრიაციის პროცესის დასრულების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version